პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კორძახია, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და ამავე დროს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი. დოქტორი კორძახია არის 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და ექვსი მონოგრაფიის თანაავტორი. მას გააჩნია ფართო გამოცდილება, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელობის ან წევრობის. მას მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სემინარებში. იგი არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრი. ამავდროულად იგი არის საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის ვიცე პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან საქართველოს მყინვარებზე მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგები რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე წარადგინა, მათ შორის ჟენევაში 2019 წელს გამართულ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მაღალმთიანი რეგიონების სამიტზე, ტუნისში გამართულ Springer-ის კონფერენციაზე (2022), ბარსელონას (2023), პარიზის (2024) და სხვა ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებზე. გ. კორძახია არის მყინვარების შესახებ თავების ავტორი „საქართველოს მეოთხე და მეხუთე ეროვნულ შეტყობინებებში კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მიმართ“, რომლებშიც გადმოცემულია მყინვარების შესახებ მაღალი გარჩევადობის თანამგზავრების და მიწისპირა დაკვირვებების საფუძველზე კომპლექსური კვლევების შესახებ მიღებული, არსებული ცოდნა.