ბზიფის, კელასურის და კოდორის აუზი მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამ სამი აუზიდან მხოლოდ კოდორის აუზში მდებარეობს დიდი მყინვარები. ესენია: № 21, მარუხი (2.2/1.8)*; № 37, სოფრუჯუ (3.2/4.5); №52, სამხ. პტიში (2.1); № 118, საკენი (2.8/2.5), თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოგვადგა ჩვენი მიზნისთვის - დაგვეთვალა მყინვარის უკანდახევის სიჩქარე და ტრენდი. აფხაზეთის მყინვარებიდან ვალიდურია მხოლოდ № 125, ჩეპარას მყინვარი, რომლის ფართობი კატალოგის მიხედვით არის 1.6 კმ2. ფართობის მიხედვით იგი მიეკუთვნება საშუალო მყინვარის კატეგორიას, თუმცა კოდორის აუზში მყინვარების დნობის დასახასიათებლად გამოგვადგება. გამოყენებულია თანამგზავრ LANDSAT-ის სხვადასხვა სენსორის მონაცემები, ხოლო მყინვარის საბოლოო მდებარეობის კონტურები განსაზღვრულია და დაზუსტებულია მაღალი გარჩევადობის (1.5 მ) SPOT 6 თანამგზავრის 2020 წლის 23 სექტემბრის სურათის მიხედვით.